ჟურნალი ნომერი 7 ∘ ნანა შოშიაშვილი პირის ნიშანთა გამოხატვის თავისებურებანი გარეკახურ კილოკავში [გამოუქვეყნებელი მასალების მიხედვით]ქართული ენის დიალექტებს შორის ერთ-ერთი საინტერესო თავისი ფონეტიკური, მორფოლოგიური და სინტაქსური თავისებურებებით არის კახური დიალექტი. ამას განაპირობებს, ერთი მხრივ, მისი ტერიტორიული სიახლოვე ქართლის ცენტრალურ ნაწილთან და, მეორე მხრივ, თვით სალიტერატურო ენის მზარდი ზეგავლენა კახურ მეტყველებაზე. ამიტომ ნებისმიერი დიალექტური ჩანაწერი, მით უმეტეს - გამოუქვეყნებელი ტექსტები, მნიშვნელოვანია კილოს ენობრივი თავისებურებების გასაანალიზებლად.
ჩვენი კვლევა ემყარება ემპირიულ მასალას, რომელიც ჯერ არაა შეტანილი დიალექტურ კორპუსში [corpora.co-ზე] და ამიტომაც შეუსწავლელია. ტექსტები ჩაწერილია 1977 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ ექსპედიციაზე საგარეჯოსა და ამავე რაიონის სოფლებში [პატარძეულში, მანავში, გიორგიწმინდასა და კაკაბეთში]. ჩამწერები იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის იმდროინდელი სტუდენტები: ეკატერინე გოგია, მანანა გორდაძე, დიანა ციბაძე, ჯაიან ჯოსარიძე, ციცინო გობეჯიშვილი და იზოლდა სხილაძე. დავამუშავეთ ოთხი რვეულიდან 100-ზე მეტი ტექსტი. 31 მთქმელის ასაკი მერყეობს 55-სა და 92 წლებს შორის. მეტალინგვისტური მახასიათებლებიდან მითითებული იყო: მთქმელთა სახელი, გვარი, ხშირ შემთხვევაში - მამის სახელიც, ასაკი, იცოდნენ თუ არა წერა-კითხვა, ზოგიერთ შემთხვევაში დასახელებული იყო მათი საქმიანობაც.
როგორც ცნობილია, ქართული ენის ამა თუ იმ დიალექტის მეცნიერული შესწავლა დაიწყო არა უადრეს XX საუკუნისა. დიდი დამსახურება მიუძღვით ბ. ჯორბენაძეს, ი. გიგინეიშვილს, ვ. თოფურიას, ი. ქავთარაძეს, ა.შანიძეს, არ. მარტიროსოვს, გრ. იმნაიშვილს, არნ. ჩიქობავას, ა. გვენცაძეს, თ. ბერიაშვილსა და სხვებს.
რადგანაც კახური დიალექტი საკმაოდ კარგადაა შესწავლილი [განსაკუთრებით შიგნიკახური და ქიზიყური კილოკავები], ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა გაგვეგრძელებინა შესწავლა იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც ჯერ არ განხილულა. ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს გარეკახურ კილოკავში ზმნის პირის ნიშანთა გამოხატვის თავისებურებების აღნიშვნა.
სუბიექტი პირველ პირში უმეტესად გამოხატულია ვ- პრეფიქსით. თუ ორი ლაბიალური ფონემა ერთად მოიყრის თავს, მაშინ „ვ“ იკარგება, რაც ართულებს კონტექსტის გარეშე პირველი და მეორე პირების გარჩევას ერთმანეთისაგან. მაგ.:
„მე უთხარ, შვილო რათა მწვამთ ცოცხალსა“ [რვ. 2, ტ. 10];
„მოდი და ჩემ ძმაჲ დაუძახებ, იქნებ იმან მაინც გაიგოსო“ [რვ. 1, ტ. 3];
„ეხლა რა უყოთ, როგორ დავფქვათ, კაცო“ [რვ. 1, ტ. 2];
„ავდექ და შაქროჲ უამბე, ძმაოჯან ჩემი სიზმარიო“ [რვ. 4, ტ. 93].
სუბიექტური მეორე პირი წარმოდგენილია, ძირითადად, უნიშნოდ, ხ- პრეფიქსით [ხართ, წახვალ, წამოხვალ...], ზოგჯერ ჲ-ით [დაჲბერდი, რა დაჲკარგე ჯო?...] ან ჲჰ- ბგერათკომპლექსით, მაგრამ იშვიათად [გაჲჰყიდეთ, წამაჲჰყარეთ].
მესამე სუბიექტური პირის გამოსახატავად მხოლობით რიცხვში გარდა -ს სუფიქსისა, ს - ს ნაცვლად დადასტურდა ნულოვანი ალომორფი, ზოგჯერ ჲ. მრავლობით რიცხვში კი ‒ -ეს ან -ეჲ, -ნენ ან -ენ. სხვა პირის ნიშნებთან [-ა, -ო, -ან, -ნ] სალიტერატურო ენისაგან განსხვავება არაა.
აუსლაუტში ხშირად უჩინარდება მესამე სუბიექტური პირის ნიშანი -ს, თუ ზმნა ინვერსიულია, მორფოლოგიური სუბიექტის აღმნიშვნელი იქნება იგი.
„მეწისქვილემ პასუხი გასცა, ეს არი, ეხლა დაუფქვი და გამავიდა“ [რვ. 1, ტ. 1];
„უთხრეს, ნუ ტირი, აგე შენი ბატი, ისევ ოთხი გყავ“ [რვ. 1, ტ. 3];
„ამდენი ხანი დგა, დგა ბალკონში და როდი გაჲცა პასუხი“ [რვ. 1, ტ. 4].
ზოგჯერ ჲ მხოლობით რიცხვში მესამე სუბიექტური პირის ნიშად არის წარმოდგენილი [-ს > ჲ]. ჲ ინვერსიულ ზმნასთანაც მორფოლოგიური სუბიექტის გამოსახატავად კავშირებითის მწკრივში ს-ს ნაცვლადაა დადასტურებული. მაგ.:
„ღმერთ რო სამართალი და კანონი-ჲქონდეჲ, ცოლ მამიკლამდა?“ [რვ. 2, ტ. 12];
„რა ვუყო რა ხერხს მივმართო, რო ბევრი მქონდეჲ ფულები“ [რვ. 3, ტ. 61];
„რაჲ ბედი მაქ კაცო, რანაირი პლანი შამხვდა, მოუკვდეჲ პატრონი“ [რვ. 4, ტ. 90];
„ე რა უნდა გამოვიდეჲ კაცო?“ [რვ. 4, ტ. 90].
მრავლობით რიცხვში -ეს პირისა და რიცხვის ნიშნის ნაცვლად გარდამავალ ზმნასთან წყვეტილში ჩნდება -ეჲ სუფიქსი, სუბიექტი მოთხრობით ბრუნვაშია.
„ხალხმა თავი გაანებეჲ მუშაობაჲ“ [რვ. 2, ტ. 12];
„მერე რო მაიყვანა, ისევ დააბეჲ თავი ალაგას“ [რვ. 2, ტ. 30];
„მემრე დაკლეჲ ერთი კარგი ჭედილა, დაუდეჲ ამ ძაღლ წინ“ [რვ. 2, ტ. 30];
„შუა ღამე რო შაჲსრულდა, ძაღლებმა შაქნეჲ ტრიალიო“ [რვ. 4, ტ. 93];
„წინ ორი ბოთლი დაგვიდგეჲ, ღვინით და არყით სამსე არიო“ [რვ. 4, ტ. 93].
მრავლობითი რიცხვის მესამე სუბიექტური პირის ნიშანი -ნენ სუფიქსი გამარტივებული -ენ ფორმით დადასტურდა. ამ დროს ზმნა არის გარდაუვალი და დგას წყვეტილში. ასეთი ცვლილება დამახასიათებელია ქართული კილოების უმრავლესობისათვის:
„რო წავიდენ, მიდიან, მიყამთ პატარძალი, ტყეა გასავლელი“ [რვ. 1, ტ. 3];
„მერე ადგენ და კრაოტებქვეშ შეძვრენ ეს გოგოები“ [რვ. 4, ტ. 113];
„მოვიდნენ ეტლით და უკვე დასხდენ ვახშამზედა“ [რვ. 4, ტ. 112].
უკანასკნელი მაგალითის მიხედვით, მთქმელი პარალელურად იყენებს როგორც -ნენ, ისე -ენ დაბოლოებას. ასეთი ვარიაციები ხშირია გარეკახურ კილოკავში.
გარდა გაუჩინარებისა, ხშირად ჩნდება გარდამავალ ზმნაში პირდაპირი ობიექტის ნიშნად ს- პრეფიქსი, მაგალითად:
„სთქვა: გაწყდეს ყველა სოფელში პური და სიმიდი“ [რვ. 1, ტ. 1];
„სჭამენ პურსა, ქალი ყველაფერზე ღრინამს“ [რვ. 1, ტ. 4].
გარეკახურ კილოკავში ობიექტური პირველი პირი გამოიხატა სალიტერატურო ენის მსგავსად მ- პრეფიქსით [შამო-მ-ეყარენ გზაშია, აზრები გამო-მ-ელია, ნეტა რამ და-მ-აბეჩავა...], ობიექტური მეორე პირი - გ- თავსართით [როდი გამა-გ-გზავნე, სახლი და-გ-ხვდება, შენ გ-ლოცულობს...]. მესამე ობიექტური პირი კი რამდენიმე ალომორფითაა წარმოდგენილი:
ა] ჰ- || ს- პირის ნიშნებით [აჰყარეს, დაჰხურეს]. უკანასკნელი მაგალითი, „ჰხ“ ბგერათკომპლექსიანი, სალიტერატურო ენისათვის დამახასიათებელი არაა. როგორც ჩანს, არც გარეკახურისათვის, რადგანაც მხოლოდ ერთადერთი მაგალითი დაიძებნა. ვეძიეთ „ჰ“ ფონემა ზ, ს, ჟ, შ, ღ, ხ და ყ თანხმოვნებთან კომბინაციაში, მაგრამ არ შეგვხვდა, ჰ უკვე გადასული იყო ჲ-ში;
ბ] ჲ-ით, თუკი ზმნისწინი ხმოვნით ბოლოვდება. აკუსტიკურად ჰ-//ს- ფონემებს ემსგავსება. პირდაპირი ობიექტი ძირითადად მიცემით ბრუნვაში მდგარი გვხვდება:
„ორივე კარგი ბიჭები იყვნენ, ერთმანეთი ხო არ დაჲხოცამდნენ“ [რვ. 2, ტ. 50];
„დედაკაციც ქათამს დაჲკლავს“ [რვ. 4, ტ. 97];
„ისე უნდა მოჲჭრან, რო ნაფოტი არსად გადავარდეს“ [რვ. 4, ტ. 110];
მოგვყავს ირიბი ობიექტის აღმნიშვნელი მაგალითებიც:
„იმათაჲ თავი წაჲკვეთესო“ [რვ. 4, ტ. 113];
„ი მლაშე რო დალია, უფრო ძალიან მაჲწყურდა“ [რვ. 1, ტ. 3];
„მებატე არ მოჲდევდათ და როგორც იყო, შამაიყვანეს“ [რვ. 1, ტ. 3];
გ] აგრეთვე, დასტურდება ჲჰ- || ჲს- კომბინაციებიც, მაგალითად:
„მემრე ქალმა დაუძახა, საცალოები წამაჲჰყარეთ“ [რვ. 1, ტ. 1];
„საჲდ გაჲჰყიდეთ, სართიჭალაში?“ [რვ. 4, ტ. 90];
„მარცხნიდან რომ ვეღარ შაჯდა, მარჯვნიდან მოჲსდო ხელია“ [რვ. 4, ტ. 106];
„რა მიზეზია, ეს რა მაჲსვლია, სამი წელიწადია ეს ჩოხა მაცვია“ [რვ. 1, ტ. 1];
დ] ზოგან იკარგება ჰ- პირის ნიშანი გ, ქ, კ, ყ თანხმოვნების წინ და ს- პრეფიქსი თ, ტ კონსონანტების თავში, მაგრამ მათ ნაცვლად ჲ არ ჩნდება, მაგ.:
„აკიდა ვირ და გაარტყა და უთხრა, წადი და დაფქვი“ [რვ. 1, ტ. 2];
„ერთ მოხუცებულ კაცს ყავდა ბევრი შვილები“ [რვ. 1, ტ. 3];
„ადგა და ბიჭმა თხოვა ემეკიდე და გაგიყვანო“ [რვ. 3, ტ. 63];
„ეხლა მუცელი ატკივდა ამ ქალს“ [რვ. 1, ტ. 3].
აქედან გამომდინარე, მესამე ობიექტური პირის ნიშანთა გამოხატვა შეგვიძლია აღვნიშნოთ შემდეგი თანმიმდევრობით: ს- || ჰ- > ჲს- || ჲჰ- > ჲ > Ø.
ყურადღება მივაქციეთ ობიექტების მრავლობითი რიცხვის გამოხატვას. დადასტურდა -ყე / -კე სუფიქსების გამოყენების რამდენიმე შემთხვევა გარეკახური კილოკავის მოცემულ ტექსტებში, თუმცა ეს თავს იჩენს არასისტემურად.
არნ. ჩიქობავამ 1923 წელს სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში, შენიშნა საგულისხმო მოვლენა, -ყე ნაწილაკის ნაცვლად ობიექტის მრავლობითობას გამოხატავდა -თ სუფიქსი [სუბიექტის მრავლობითობის ნიშანი] [ჩიქობავა, 1925:58]. მრავლობითობა ირიბი ობიექტისა ყოველთვის არ არის აღნიშნული, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დასტურდება -თ, -ყე ან -კე სუფიქსები [შესაძლოა მრავალგზისობაც აღნიშნოს -ყე სუფიქსმა]. წარმოვადგენთ მაგალითებს:
„გადმაიხედა ქალმა, დაინახა თავი ქმარი და მაზლები. დაუძახათ და უთხრათ ვაზირებს, მაგათ რა ნებავთ [რვ. 1, ტ. 1];
„[დეიდამ] დაუძახათ დედამთილს და მამამთილს და უთხრათ“ [რვ. 1, ტ. 3];
„[ობოლმა] მართლაც გააშვებინათ ბავშვები და გაუდგნენ გზას“ [რვ. 4, ტ. 84];
„თქმა ხო ძნელი არ არი. რო ვიცოდე არ გეტყვიყე. რა გიყოყე კაცო, არაფერი ვიცი“ [რვ. 4, ტ. 90];
„სავამტყოფოში რო იყო მოეწერა აქედან - გიგზავნიყე წერილსაო“ [რვ. 4, ტ. 91];
„ავდექი და საბუთები დაუგზავნეკე ეთქოთ იმათ რომაო, ჩამაიყვანეთო ბავშვი დედაო“ [რვ. 4, ტ. 91];
„შევარიგეყე“ [რვ. 4, ტ. 90];
გარეკახეთში -ყე ნაწილაკი ალაგ-ალაგ გვხვდება. არნ. ჩიქობავა თვლის, რომ -ყე ნაწილაკის ჩათვლა სუფიქსად ძნელია, რადგანაც ქართულ სამწერლობო ენასა და მის სხვადასხვა კილოკავსა თუ თქმაში იგი არ გამოიყენება და ფერეიდნულშიც კი მისი მუდმივი ხმარება სავალდებულო არაა თანაბარ პირობებში, ამიტომაც: „ცნობიერებაში იგი განფასდა, როგორც საკმაოდ თავისთავადი ნაწილაკი, რომელიც ზმნას ორგანიულად კი არ შესისხლხორცებია, არამედ მექანიკურად ეკვრის, და რომელიც ზმნის აგებულების აუცილებელ ელემენტს არ წარმოადგენს“ [ჩიქობავა, 2010:26].
დასკვნები
ემპირიული მასალის განხილვის შემდეგ გამოიკვეთა, რომ გარეკახურ დიალექტში, გამოუქვეყნებელი ტექსტების მიხედვით [1977წ], სუბიექტი პირველ პირში უმეტესად გამოხატულია ვ- პრეფიქსით. თუ ორი ლაბიალური ფონემა ერთად მოიყრის თავს, მაშინ „ვ“ იკარგება [მე უთხარ], რაც ართულებს კონტექსტის გარეშე პირველი და მეორე პირების გარჩევას ერთმანეთისაგან. სუბიექტური მეორე პირი წარმოდგენილია, ძირითადად, უნიშნოდ, ზოგჯერ – ჲ-ით [დაჲბერდი] ან ჲჰ- ბგერათკომპლექსით [გაჲჰყიდეთ, წამაჲჰყარეთ].
მესამე სუბიექტური პირის გამოსახატავად მხოლობით რიცხვში, გარდა -ს სუფიქსისა, ს - ს ნაცვლად დადასტურდა ნულოვანი ალომორფი [არი, დგა...], ზოგჯერ ჲ [-ს > ჲ]. ინვერსიულ ზმნასთანაც მორფოლოგიური სუბიექტის გამოსახატავად კავშირებითის მწკრივში ს-ს ნაცვლად დადასტურებულია -ჲ [მქონდეჲ]. მრავლობით რიცხვში -ეს პირისა და რიცხვის ნიშნის ნაცვლად გარდამავალ ზმნასთან წყვეტილში ჩნდება -ეჲ სუფიქსი [გაანებეჲ...]. -ნენ სუფიქსი გამარტივებული -ენ ფორმით დადასტურდა [დასხდენ...]. სხვა პირის ნიშნებთან [-ა, -ო, -ან, -ნ] სალიტერატურო ენისგან განსხვავება არაა.
ობიექტური პირველი და მეორე პირები გამოხატულია შესაბამისი მ- [შამომეყარენ] და გ- პრეფიქსებით [დაგხვდება]. მესამე ობიექტური პირი კი რამდენიმე ალომორფითაა წარმოდგენილი: ა] ჰ- || ს- პირის ნიშნებით ისეთ თანხმოვნებთანაც, სადაც სალიტერატურო ენაში არაა მოსალოდნელი ნიშანი [აჰყარეს, დაჰხურეს]; ბ] ჲ-ით თუკი ზმნისწინი ხმოვნით ბოლოვდება [დაჲხოცამდნენ, მოჲდევდათ...]; გ] ჲჰ- || ჲს- კომბინაციით [წამაჲჰყარეთ, მოჲსდო...]; დ] საერთოდ იკარგება გ, ქ, კ, ყ, თ, ტ და სხვა თანხმოვნების წინ [აკიდა, თხოვა, ატკივდა...]. მესამე პირის ობიექტი მრავლობით რიცხვში ზოგჯერ შეთანხმებულია და გამოხატულია -თ სუფიქსით [ქალმა დაუძახათ]. იშვიათად დადასტურდა -ყე/-კე სუფიქსებიც [გიგზავნიყე].
პირის ნიშნები განიცდის ცვალებადობას, მაგრამ ხშირად იმავე ფორმით არის წარმოდგენილი, როგორითაც სალიტერატურო ენაში. მომავალში საინტერესო იქნება დღევანდელ კახურ მეტყველებაზე დაკვირვება და ცვლილებების ჩვენება დინამიკაში.
გამოყენებული ლიტერატურა:
გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი. 1961. ქართული დიალექტოლოგია [დიალექტთა განხილვა. ტექსტები. ლექსიკონი], წ. I. თბილისი.
გოგოლაშვილი გ., არაბული ავ. 2017. ახალი ქართული ენა, დიალექტების მორფოლოგია: პარადიგმები, წ. IV. თბილისი.
მარტიროსოვი არ., იმნაიშვილი გრ. 1956. ქართული ენის კახური დიალექტი [გამოკვლევა და ტექსტები ლექსიკონითურთ]. თბილისი.
სახლთხუციშვილი უ. 2003. გარეკახური ლექსიკონი. თბილისი:
შანიძე ა. 1981. სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში, წ. II. თბილისი.
ჩიქობავა ა. 2010. ყე ნაწილაკი ფერეიდნულში და მისი მნიშვნელობა გრამატიკა-ლოღიკის ურთიერთობის თვალსაზრისით, შრომები, წ. I. თბილისი.
ჩიქობავა არნ. 1925. გარე-კახეთი დიალექტოლოგიურად [უშუალო დაკვირვებანი], ტფილისის უნივერსიტეტის რექტორის პროფესორ ივანე ჯავახიშვილისადმი მისი სამეცნიერო მოღვაწეობის 25 წლის თავზე [1900-1925] მიძღვნილი კრებული. ს.ს.მ.უ.ს.თბილისი.
ჯორბენაძე ბ. 1989. ქართული დიალექტოლოგია, წ. I. თბილისი.
წყაროები:
რვ. 1 - IV კურსის სტუდენტები: ეკატერინე რევაზის ასული გოგია, მანანა ვახტანგის ასული გორდაძე, 1977.
რვ. 2 - III კურსის სტუდენტი დიანა იოსების ასული ციბაძე, 1977.
რვ. 3 - III კურსის სტუდენტი ჯაიან ჯოსარიძე, 1977.
რვ. 4 - IV კურსის სტუდენტები: გობეჯიშვილი ციცინო შალვას ასული და სხილაძე იზოლდა შალვას ასული, 1977.